14 მაისი 2024,   11:16
ვრცლად
ჩვენი ოთხფეხა ცხოველები ალიკაპით და საბელით რომ უნდა ავიყვანოთ ტრანსპორტში, ამაში რამე გაუგებარია? - რას ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

რას ამბობს შინაური ცხოველების შესახებ ახალი კანონი? პარლამენტში განხილვის პარალელურად, თემაზე დისკუსია არ წყდება.

ინიციატორები პროექტის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობენ. მათ შორის, გამოყოფენ მასობრივი ევთანაზიის შესახებ ბრალდებას - უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ ევთანაზიის რეგულაციის შემოტანას საერთოდ არ ითვალისწინებს პროექტი.

როგორც ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი აცხადებს, შინაური ცხოველების შესახებ ახალი კანონი მიუსაფარ ცხოველებს არ ეხება. 

"ატყდა ამბავი, თითქოს, სახლში 3 ცხოველის ყოლას მეზობლების ნებართვა სჭირდება. აბსოლუტურად, ეს არ ეხება მიუსაფარ ცხოველებს, არ ეხება თავშესაფრიდან აყვანილ ცხოველებს. ის, რომ ჩვენი ოთხფეხა ცხოველები ალიკაპით და საბელით უნდა ავიყვანოთ ტრანსპორტში, ამაში რამე გაუგებარია? ვერ ვხვდები ამაში გაუგებარი რა არის. ეს არ ეხება მიუსაფარ ცხოველებს. ამასთან, თუ პატრონმა არ იცის ცხოველის მოვლა, მაშინ პატრონი დაჯარიმდება, ეს არის და ეს. მეტი ამაში განსაკუთრებული არაფერია", - განაცხადა მიშა კაჭკაჭიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანები ცხოველებისთვის” წარმომადგენელი მარინა ბერსენაძე-კაციტაძე აღნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი გათვლილია იმ რეალობაზე, როდესაც ქუჩაში მიუსაფარი ცხოველები არ იქნებიან.

"კანონპროექტი გათვლილია იმ რეალობაზე, როდესაც ჩვენ ქუჩაში არ გვეყოლება მიუსაფარი ცხოველები და ეს ინსტიტუცია, დროთა განმავლობაში, თავის თავს თვითონ გააუქმებს. რაც შეეხება ევთანაზიას, თუ ცხოველს, რომელიც ცოფიან დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში იყო და უკვე ვამბობთ, რომ კონკრეტული ცხოველი ცოფით გარდაიცვალა, ამის შემდეგ, ყველა ის ძაღლი, რომელიც შემხებლობაში იყო, უნდა გადავიდეს 3-დან 6-თვიან დაკვირვებაზე", - განაცხადა მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ.

დღის ამბები