27 ივლისი 2024,   04:36
ვრცლად
ვინ რამდენი და რა სიმძიმის პაციენტი გამოაჯანმრთელა, როგორია გარდაცვლილთა სტატისტიკა და რამდენმა მოქალაქემ მიმართა სამკურნალოდ - კლინიკების საქმიანობა საჯარო გახდება

კლინიკების საქმიანობის შედეგები, რომელიც დღემდე მხოლოდ უწყებას ჰქონდა, საჯარო გახდება.

ხარისხის შეფასების ინდიკატორების შემუშავებას, ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად დაიწყებს. ჯანმრთელობის ეროვნულ სტრატეგიაში მითითებული და გათვალისწინებული იქნება პაციენტის კლინიკაში შესვლის დღიდან ყველა გაწეული სამედიცინო მომსახურება, გამოჯანმრთელების და გარდაცვალების მაჩვენებლები, მათ შორის ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი და თანმხლები დაავადებები. სიახლის მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ასევე, ამ სიახლით პაციენტები შეძლებენ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიიღონ.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობისას, ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო მეთოდებით იხელმძღვანელებს. მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში აქტიურად ჩაერთვება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. საერთაშორისო ექსპერტი, სილვიუ დომენტე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე დანერგილ პრაქტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ მომსახურების ხარისხი პაციენტზე მორგებული უნდა იყოს.

ჰოსპიტალური საქმიანობის შედეგების გასაჯაროებას და ახალ სტანდარტებს მიესალმება საქართველოს კლინიკების გაერთიანება. ჰოლდინგი 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. ყველა საავადმყოფო, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციები კლინიკების შესაძლებლობებს და საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს გახდის.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების ნუსხას, ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული მეთოდოლოგია, კლინიკების მონაცემების დათვლის წესი და წყაროები.

დღის ამბები