01 ივლისი 2024,   20:25
ვრცლად
ბრალდებულ პირთა წრე აუცილებლად გაიზრდება - მთაწმინდაზე, 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის პროკურორი

მთაწმინდაზე, 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულთა წრე აუცილებლად გაიზრდება, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა. 

სამართალდამცველები ეძებენ დანაშაულთან კავშირში მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც მკვლელობის დროს თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა. 

"საქმეში გვაქვს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თაობაზე და, ამავდროულად, გვაქვს არაერთი ირიბი მტკიცებულებაც. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. ბრალდების მხარის ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, რა ვითარებაში მოხვდა ბრალდებულთან კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულს პირთა ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, შესაბამისად, მასთან ერთად იმყოფებოდა კონკრეტული პიროვნება. ბრალდებულ პირთა წრე აუცილებლად გაიზრდება," - აცხადებს პროკურორი.

დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ახალგაზრდებს შორის ღამის კლუბში შელაპარაკებით დაიწყო.

მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ დაკავებულს, გრიგოლ ზარნაძესაც. მას ბრალდების მხარე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

ორივე მათგანი პოლიციამ დანაშაულის ჩადენის დღესვე, 18 თებერვალს დააკავეს.

დღის ამბები