24 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრებმა უცხოელ კოლეგებთან კვლავ დიდი წარმატებით ჩაიარა - კინოცენტრი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს "ევრიმაჟის" წარმომადგენელ ალექს ტრაილასთან, რომელთან ერთად განიხილეს "ევრიმაჟის" ახალ საკონკურსო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო სერიალების - თანამშრომლობით შექმნილი პროდუქციების - მხარდაჭერას.

შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ონლაინპორტალ Film New Europe-ის ხელმძღვანელ ანა ფრანკლინთანაც. მხარეებმა განიხილეს ასოციაციასთან "გადაიღე ახალი ევროპა" (FNE) სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

"ბერლინალეზე" ქართული დელეგაცია შეხვდა შვედეთის კინოფონდის წარმომადგენელს - ლიზა ნაიდს, რომელთან ერთად განიხილეს ქართული კინოს სამომავლო დაფინანსების სქემები და ამ ორგანიზაციასთან ქართული კინოსფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის გზები.

ქართული დელეგაცია ფესტივალის მიმდინარეობისას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
იგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას საქართველო წარმოჩინდება, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - "გადაიღე საქართველოში" - წარმომადგენლები.

დღის ამბები