უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელი დაიწყო. ღამით ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქი დნიპრო დაბომბეს, რის შედეგადაც დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ჩამოგდებულია 3 ფრთოსანი რაკეტა და 5 დრონი.
აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. ოკუპანტებმა ოლქზე იერიში "S-300"-რაკეტით ბელგოროდის ტერიტორიიდან მიიტანეს. რუსებმა შეუტიეს ხერსონის ოლქსაც, რა დროსაც დაიღუპა 2 სამოქალაქო პირი.
"დროა ევროპა გამოფხიზლდეს! უკრაინის ომის შედეგები შესაძლოა უახლოეს თვეებში გადაწყდეს და დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გაზარდოს", - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.
ანალოგიურად ფიქრობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დეივიდ კამერონის თქმით, დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად საკმარისი არ გაუკეთებია.
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებას, უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე და საბრძოლო მასალის "რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად" მიწოდებაზე.
ბლუმბერგის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ხვალ თეთრ სახლში უკრაინის უსაფრთხოებისთვის საჭირო დაფინანსების კანონპროექტის განსახილველად კონგრესის ხელმძღვანელობას შეხვდება.
დღეს კი უკრაინის საკითხებში ევროპის ერთიანობის დემონსტრირებისთვის პარიზში 20-მდე ევროპელი ლიდერი შეიკრიბება.