ახლო აღმოსავლეთში ომი 143 დღეა მიმდინარეობს. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 86 პალესტინელი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაიჭრა. შედეგად, კონფლიქტის დაწყებიდან ანკლავში დაღუპულთა რაოდენობა 29,692-მდე გაიზარდა.
პალესტინის ტელევიზიის განცხადებით, ისრაელის ჯარების ინტენსიური დაბომბვის შედეგად, გასულ დღეს ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში 48 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 23 სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში.
ისრაელის ჯარების განცხადებით, ღაზის სექტორში "ჰამასის" რამდენიმე შეიარაღებული მებრძოლი მოკლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია შეიძლება გარკვეულწილად გადაიდოს, მაგრამ არ გაუქმდეს, თუკი მძევლების შეთანხმება შედგება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში ტოტალური გამარჯვება ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში იქნება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, "ჰეზბოლაზე" დარტყმები მაინც გაგრძელდება.