16 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
რუსთავის საქალაქო სასამართლო ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს
რუსთავის საქალაქო სასამართლო ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილებას,  სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ ქალაქის მერის სარჩელი განიხილა. 
 
დავის მიზეზი საკრებულოს გადაწყვეტილებებია, რომელმაც ათობით საკითხი ჯერ ბიუროზე, შემდეგ კი სხდომაზე არ გაიტანა. 
 
მერიაში აცხადებენ, რომ საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას პარტიის წევრები წარმოადგენენ, საინვესტიციო პროექტების განხილვას აჭიანურებს. 
 
რეგლამენტის დარღვევით, საკრებულო აფერხებს და, დაუსაბუთებლად, უკან აბრუნებს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მომტან პროექტებს. საპირისპირო მოსაზრება აქვს საკრებულოს უმრავლესობას. 

რუსთავის მერის ადვოკატი, მიხეილ მუზაშვილი იმედს იტოვებს, რომ მოსამართლე რუსთავის მერის სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს.

"გვჯერა, რომ რუსთავის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და სრულად დაკმაყოფილდება რუსთავის მერის მიერ საკრებულოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, როგორც კომისიის ნაწილში, არაუფლებამოსილ პირებად ცნობის, ასევე - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.

გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ რუსთავის მერიამ თავის უფლებამოსილება სრულყოფილად განახორციელოს. უმნიშვნელოვანესია, რომ რამდენიმე საკრებულოს წევრს არ ჰქონდეს უფლება, გადაწყვეტილება საკრებულოს წევრების უმრავლესობის მაგივრად მიიღოს ", - განაცხადა მიხეილ მუზაშვილმა.

დღის ამბები