27 ივლისი 2024,   08:13
ვრცლად
დამწვრობის კვალი დედის კისერზე - 13-წლიანი ძებნის შემდეგ, სახლიდან გაქცეულმა ინდოელმა და-ძმამ დედის პოვნა ნაიარევის დახმარებით შეძლო

ინდოეთში, სახლიდან გაქცეული და-ძმა დედასთან 13 წლის შემდეგ დაბრუნდა, - რაქისა და ბაბლუს ისტორიის შესახებ BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ბავშვები სახლიდან 2010 წლის 16 ივნისს, მას შემდეგ გაიქცნენ, რაც დედამ 11 წლის ქალიშვილი - რაქი სცემა. და-ძმამ დედის მშობლებთან გაქცევა და მათთან ცხოვრება გადაწყვიტა. ბაბლუ, რომელიც მაშინ 7 წლის იყო, იხსენებს, რომ ფიზიკურად მამაც უსწორდებოდათ. ბებია-ბაბუის სახლი 1 კილომეტრის მოშორებით იყო. როგორც თავად იხსენებენ, და-ძმას შესახვევი აერია და დაიკარგა.

საბოლოოდ, ბავშვებმა თავი რკინიგზის სადგურს შეაფარეს, მოგვიანებით კი მატარებელს გაურკვეველი მიმართულებით გაჰყვნენ. ასე აღმოჩნდა და-ძმა მშობლიური ქალაქიდან 250 კილომეტრის მოშორებით. მატარებელში ისინი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელმა ქალმა შენიშნა და დაკარგული ბავშვების შესახებ პოლიციას აცნობა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა და-ძმა დააშორა და სხვადასხვა თავშესაფარში გაგზავნა.

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სახლში წასვლა გვინდოდა, ვეცადეთ, მოგვეყოლა ჩვენი მშობლების შესახებ, მაგრამ ჩვენს ოჯახს არც პოლიცია ეძებდა და არც თავშესაფრის თანამშრომლები", - ამბობს ბაბლუ.

ასე დაიწყო ერთმანეთის ძებნის მრავალწლიანი ისტორია. ბაბლუ იხსენებს, რომ მას მხოლოდ 2017 წელს, მას შემდეგ დაეხმარნენ, რაც თავშესაფარში ახალი პერსონალი მივიდა. ბიჭს მხოლოდ დის სახელი ახსოვდა და იცოდა, რომ მისი თავშესაფარი ქალაქ დელისთან ახლოს იყო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა დელიში და მის გარეუბნებში არსებულ ყველა თავშესაფარში დარეკა და იკითხა, ცხოვრობდა თუ არა მათთან გოგონა სახელად რაჰი. დიდი ძალისხმევის შემდეგ, გოგო იპოვეს და და-ძმამ ერთმანეთთან კონტაქტი აღადგინა.

პრობლემად რჩებოდა დედისა და მამის პოვნა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ მამა ოფიციალურ დოკუმენტაციაში სხვა სახელით ფიქსირდებოდა.

"13 წელი არ არის ცოტა დრო და ძალიან მცირე იყო იმედი, რომ დედას პოვნას შევძლებდით", - ამბობს გოგო.

გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ბაბლუს მიერ ერთი დეტალის გახსენება - ბიჭმა ორგანიზაციას, რომელიც და-ძმას ეხმარებოდა, მოუყვა, რომ რკინიგზის სადგურზე, საიდანაც მათ მშობლიური ქალაქი დატოვეს, დაინახა უფუნქციო, ძველი ორთქლმავალი, რომელიც სადგურზე იდგა.

"ვიცოდი, რომ იმ დროს ასეთი რაღაც იდგა აგრას სარკინიგზო სადგურზე", - ამბობს კაცი, რომელიც და-ძმას მშობლების პოვნაში ეხმარებოდა.

რაქიმ გაიხსენა ისიც, რომ დედას კისერზე დამწვრობის კვალი ჰქონდა.

ქალაქ აგრაში ჩასულები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც დღიურად დასაქირავებელი მუშები იკრიბებიან და იკითხეს, იცნობდნენ თუ არა ქალს, რომელსაც ნიტუ ერქვა და ასეთი ნიშანი ჰქონდა. მუშების თქმით, ასეთ ქალს იცნობდნენ, თუმცა ის ქირით ცხოვრობდა და საცხოვრებელი შეიცვალა. საბოლოოდ, მუშები და-ძმას ქალის პოვნაში დაეხმარნენ და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

"უბედნიერესი ვარ. თავი ფილმში მგონია", - ამბობს დედა.

ბაბლუ, რომელიც ახლა 19 წლისაა, ამბობს, რომ ბრაზობს პოლიციელებზე, რომლებიც, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ ეხმარებოდნენ მშობლებისა და დის პოვნაში.

"ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბედნიერი ვიყავი დედასთან საუბრით. "რატომ მიმატოვე?", - მკითხა მან. მე კი ვუთხარი: "მე შენ არასდროს მიგატოვებდი, უბრალოდ, დავიკარგე", - ამბობს ბიჭი.

 

დღის ამბები