27 ივლისი 2024,   04:22
ვრცლად
ემზადება თუ არა სეპარატისტული დნესტრისპირეთი რეფერენდუმის ჩასატარებლად - ეკონომიკურ გადანადგურებად აფასებს არაღიარებული რესპუბლიკა, მოლდოვის მიერ მიღებულ ახალ საბაჟო კოდექსს

არაღიარებული დნესტრისპირეთი მოლდოვის ეკონომიკურ შეზღუდვებს აპროტესტებს. დახმარებისთვის კი რუსეთს მიმართავს. ამ მიზნით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ "ყველა დონის დეპუტატის მეშვიდე სხდომა" მოიწვიეს. ღონისძიების 620-მა "დელეგატმა" ერთობლივი განცხადება შეიმუშავა და ოკუპანტ ქვეყანას გაუგზავნა. მოსკოვისგან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას და კიშინიოვის ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას ითხოვენ.

ეკონომიკურ გადანადგურებდ აფასებენ არაღიარებული რესპუბლიკის წევრები, მოლდოვის მიერ მიღებულ ახალ საბაჟო კოდექსს.. დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი საქონლის ექსპორტი მხოლოდ კიშინიოვის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არის ნებადართული. რასაც, საბაჟო მოსაკრებელი ემატება. ამის გამო, დე-ფაქტო ხელისუფალთა განცხადებით, ადგილობრივი წარმოება მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი - მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ახალი, "სეპარატიზმის" მუხლი გახდა.

მშვიდობას ერთადერთი მტერი ჰყავს და მას რუსეთი ჰქვია. მოლდოვის მთავრობის წევრები ოკუპანტ ქვეყანას სიტუაციის პერიოდულ ესკალაციაში ადანაშაულებენ. ამ შემთხვევებმა კი მათი თქმით, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, რუსეთში უკრაინის აგრესიის შემდეგ იმატა. ამის მიუხედავად, ოფიციალური კიშინიოვი თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის გავლენა, სულ უფრო მცირდება. გაყინული კონფლიქტების მოგვარებას კი მოლდოვის მთავრობა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებს.

რუსეთთან გაერთიანების სურვილი არაღიარებულმა დნესტრისპირეთმა 2006 წელს, ე.წ "რეფერენდუმზე" გამოხატა. თუმცა, მაშინ, მოსკოვმა ეს სურვილი უპასუხოდ დატოვა. როგორ განვითარდება მოვლენები 18 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით არ იციან. მაგრამ ვაშინგტონში რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მოულოდნელ და უსიამოვნო სიურპრიზს ელოდებიან. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ იმასაც, რომ ამერიკა მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს.

დნესტრისპირეთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დე-ფაქტო მთავრობის წევრების და მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაწყებული უთანხმოება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. რის შემდეგაც რეგიონში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი შევიდა. შეიარაღებული ძალების გაყვანას მოსკოვისგან კიშინიოვი წლების მანძილზე ითხოვს,თუმცა უშედეგოდ. ოკუპირებულ რეგიონში უკანასკნელი მონაცემებით, 500 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნახევარიც რუსეთის მოქალაქეა. მოლდოვის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კრემლი ამ მოცემულობას დესტაბილიზაციისთვის მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ მომენტში გამოიყენებს.

დღის ამბები