27 ივლისი 2024,   03:40
ვრცლად
მსოფლიო საპასპორტო ინდექსის მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერია - სად შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შესვლა და სად სთხოვენ მათ სპეციალურ ნებართვას

საქართველოს პასპორტი კიდევ უფრო ძლიერდება - მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კარს უვიზოდ უღებს. მალე, ჩინეთში ყოველგვარი რთული ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შევძლებთ წასვლას და 30 დღით დარჩენას.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმის გააქტიურებით, "პასპორტის ინდექსის" რეიტინგში ქართული პასპორტი დაწინაურდა - საქართველოს მოქალაქეებს ახლა უკვე 131 სახელმწიფოში შეგვიძლია შესვლა უვიზოდ ან გამარტივებული წესით, ანუ ვიზის ადგილზე მოთხოვნით. 54 ქვეყანაში საზღვარზე ვითხოვთ ვიზას - 76 სახელმწიფოში კი უვიზოდ შევდივართ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში 2017 წელს გადაინაცვლა და მას მერე ჩვენთვის ევროპის კარი ღიაა.

სად შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ქართული პასპორტით თავისუფლად შესვლა და სად სთხოვენ სპეციალურ ნებართვას:

სამხრეთ ამერიკის კონტინენტი თითქმის მწვანეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფოში და მათ შორის ბრაზილიაში, ქართული პასპორტით მოგზაურობა უპრობლემოდ ვიზის გარეშე შეგვიძლია, მხოლოდ ბოლივიაა ისეთი, რომელიც ვიზას საზღვარზე გასცემს. ამ კონტინენტზე სავიზო რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ პერუსთან, გაიანასთან და ბუნებრივია ვენესუელასთან, თბილისმა კარაკასთან დიპლომატიური ურთიერთობა 2009 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი სულ წითელია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს აქ მოსახვედრად ვიზის აღება წინასწარ გვჭირდება. რაც შეეხება ნიკარაგუას, კუბასა და იამაიკას - აქ ვიზას საზღვარზე გასცემენ. ჩვენთვის მოგზაურობა მარტივია აფრიკის კონტინენტის უმეტეს სახელმწიფოებში. ლურჯად ის ტერიტორიებია მონიშნული, სადაც ვიზას საზღვარზე გასცემენ მაგალითად ასეთია ეგვიპტე, ეთიოპია, ასევე კონგო. თუ ინდოეთში და ნეპალში მოგზაურობა გვსურს, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ელექტრონული ვიზა.

რაც შეეხება არაბულ სახელმწიფოებს, უმეტესობასთან საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 2022 წელს გაფორმდა, მაგრამ თუ გადაწყვეტთ სირიაში გამგზავრებას, აქ ვიზა აუცილებლად დაგჭირდებათ. ჩვენს ქვეყანას სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, სირია ვენესუელას მსგავსად 2018 წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს. ვიზაა საჭირო ერაყსა და იემენში შესასვლელადაც.

პოსტ-საბჭოთა სივრცეში, საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობა ვიზის გარეშე შეგვიძლია. ერთადერთი სახელმწიფო, სადაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს - ეს თურქმენეთია. საინტერესოა, რომ აშხაბადს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსთან აქვს სავიზო რეჟიმი დაწესებული, თუმცა საქართველო ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც თურქმენეთის მოქალაქეებს უვიზოდ იღებს.

მსოფლიო საპასპორტო ინდექსის მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერია. ქართული პასპორტით მსოფლიოს 131 ქვეყანაშია შესაძლებელი შესვლა უვიზოდ ან გამარტივებული წესით. რაც შეეხება ჩვენს მეზობელს, საქართველოს მოსდევს თურქეთი, ამ ქვეყნის მოქალაქეებს 128 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. შემდეგია რუსეთი, ოკუპანტებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით გადაადგილება შეუძლიათ 127 ქვეყანაში.

სომხეთის მოქალაქეებს მწვანე შუქს 83ი სახელმწიფო უნთებს, ბოლო ადგილზე კი აზერბაიჯანია 82 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლით. ქართული პასპორტით ადამიანები მსოფლიოს 130 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით უკვე გადაადგილდებიან. 131-ე ქვეყანა - ჩინეთი კი ქართველ სტუმრებს კარს უკვე უვიზოდ უხსნის.

 

 

დღის ამბები