16 აგვისტო 2026,   23:56
ვრცლად
თავდასხმა უკრაინაზე საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს - დაიღუპა 5 ადამიანი

უკრაინაში ომი გრძელდება - ოდესაში, რუსული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები. დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა.

თავდასხმა ქალაქზე უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ჯარები თავს დაესხნენ პორტში უკრაინული საზღვაო თვითმფრინავების განთავსებულ ანგარს და აღნიშნეს, რომ "მიზანი მიღწეულია".

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა დელეგაციებისაგან 500-დან 800 მეტრამდე დაშორებით მოხდა. ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით კი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა. საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტის წევრმა მედიასთან განაცხადა, რომ, აფეთქების შედეგად, დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.

შემთხვევას გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელის თქმით, ოდესაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს დარტყმა რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია.

გრძელდება საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სხვა რეგიონებშიც. დაიბომბა ხარკოვის ოლქი, დაიღუპა 1 მამაკაცი და დაშავდა 7 სამოქალაქო პირი, მათ შორის - ბავშვები. დაიბომბა სუმის ოლქი, დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ბაღი, სკოლა, სამედიცინო კოლეჯი, ბიბლიოთეკა და ორი სამედიცინო ცენტრი. დრონით იერიში განხორციელდა ხერსონის ოლქზე, სადაც ცოლ-ქმარი დაშავდა.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ღამით, რუსეთში, ტულის ოლქში, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა. გერმანია საკუთარ მოქალაქეებს "კატეგორიულად" არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას.

დღის ამბები