თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების ადგილას ისევ მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების, საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და შენობის დაზიანებული მონაკვეთების შესწავლა.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, აფეთქებამ მათი ფანჯრები და კედლებიც დააზიანა.
"სიტყვებით ვერ აღვწერთ, როგორი ხმა გავიგონეთ. საერთოდ გონზე ვერ მოვედით, ისეთი აფეთქების ხმა იყო. ჩვენ მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ და საერთოდ არცერთი ფანჯარა არ გვაქვს, არცერთი კარი არ გვაქვს, კედლები თითქმის მონგრეულია," - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
"საშინელება, არნახული, გაუგონარი ხმა იყო. ასეთი მასშტაბური ხმა იშვიათად გამიგონია..." - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება ღამით მოხდა. როგორც ცნობილია, კომერციულ ფართში, სავარაუდოდ, გაზი დაგროვდა. დაშავებულები არ არიან. 50 ოჯახი მერიამ სასტუმროებში გადაიყვანა.
შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პირველადი დასკვნა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემდგომში კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზები ჩატარდება. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, წინასწარ განცხადების გაკეთება ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება. 53 ადამიანი არის გადაყვანილი სხვადასხვა სასტუმროში. თუ კიდევ ვინმეს ესაჭიროება დახმარება, რა თქმა უნდა, დავეხმარებით," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", გივი ჩხარტიშვილმა.