27 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო იყოს ფული, რომელზეც საუბრობენ და ამ ყველაფერს ცოტა დაყვედრების ხასიათი აქვს - შალვა პაპუაშვილი

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს. მისი თქმით, დღეს კვლავ არის გამოწვევა, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი ისევ დამალულია. მისი თქმით, თუ ეს თანხები ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ იხარჯება, მათ უფლება აქვთ იცოდნენ, რაში და როგორ იხარჯება ეს ფული. 

"გვაქვს ეს სურვილი, რომ ქართულ მეგობრობას და მეგობრობის იმ ხედვას, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, სხვადასხვა ქვეყანას, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს.

რაც შეეხება ამერიკულ დაფინანსებას, სამწუხაროდ, დღეს კვლავ არის გამოწვევა, რომ ამ დაფინანსების ნაწილი დამალულია. მაგალითად, ამერიკის დემოკრატიის ფონდი თავის ხარჯებს არ ასაჯაროებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ამისკენ, მათ შორის შეხვედრების დროს. მალავენ რაში ხარჯავენ ისინი ფულს და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფული არის პოლიტიკური ფული, მიედინება პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციისკენ.

პოლიტიკურ აქტივობებში იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული, რაც არის, როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის.

სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო იყოს ფული, რომელზეც საუბრობენ და ამ ყველაფერს ცოტა დაყვედრების ხასიათი აქვს. ეს ფული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ თუ იხარჯება, მგონი, ქართველი ხალხი ბრბო არ არის და უფლება აქვს, იცოდეს, რაში და როგორ იხარჯება ეს ფული. საქართველოში ასეთი რუსული მეთოდებით ფულის ხარჯვა უნდა დასრულდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები