კულტურის მინისტრმა ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა. ესენია: "საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“, "დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“; "თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“; "ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“; "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
სამინისტრო თითოეული კონკურსის მიზანს განმარტავს:
"კონკურსის - "საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ მიზანია: ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
კონკურსის - "დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“, მიზანია რეგიონების მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და თეატრისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.
კონკურსის - "თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ მიზანია თვითმოქმედი ფოლკლორული (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ანსამბლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაცია; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
კონკურსის - "ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ - მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად მათთვის თანაბარი პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; ონლაინპლატფორმების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის ზრდა.
კონკურის - "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ - მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა; მუსიკოს-შემსრულებელთა და შემოქმედებითი ჯგუფების/ანსამბლების მიერ რეგიონებში ქართული საესტრადო და ფოლკლორული კონცერტების გამართვის ხელშეწყობა", - აცხადებენ უწყებაში.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.