საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის მიზნით.
როგორც გომელაურმა პარლამენტში აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გერმანული მოდელის დანერგვაზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებლებში გადაყვანას მოიცავს.
გომელაურის განმარტებით, ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირობების მქონე დაწესებულება, საიდანაც გამოსვლა პირს მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.
"ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.