27 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
"ლაზარეს განწყობა აქვს, რომ გაამტყუნებენ" - ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ამასთან ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა.

ლაზარეს დედის, თამარ კალანდაძის განცხადებით, თავად ლაზარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"ლაზარეს მიმართ არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ის დააშავა, რასაც აბრალებენ. ლაზარეს განწყობა აქვს, რომ გაამტყუნებენ. თუ ლაზარე გაამტყუნეს, მერე ყველა ინსტანციას მივმართავთ, პირველ რიგში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა თამარ კალანდაძემ.

დაცვის მხარის ადვოკატი, ლიკა ბითაძის განცხადებით, ლაზარემ მოისურვა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა.

მისივე თქმით, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

"ლაზარეს სურვილია, რომ ჩაერთოს დისტანციურად პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი. არცერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ აქვს ბრალდების მხარეს, რაც პირდაპირ დაადასტურებდა ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობას. ამის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. შემდგომ, მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისს აქვს უფლება, რომ შეწყალების თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რასაც დაცვის მხარე, თუ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მეორე დღესვე განვახორციელებთ", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

პროკურორის, თამარ იაკობიძის, განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები იმის საფუძველს აჩენს, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

"საქმის არსებითი განხილვის დროს გამოვიკვლიეთ არაერთი მტკიცებულება, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ისე - მოწმეებმა მისცეს სასამართლო პროცესზე ჩვენებები და ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებიც, ერთობლიობაში, გამამტყუნებელი განაჩენის მტკიცებულების სტანდარტს ქმნის. ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და სწორედ ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა, რომ ვიდეოჩანაწერი, სადაც კონკრეტული პიროვნება ახორციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, არის ლაზარე გრიგორიადისი", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

დღის ამბები