18 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
შაურმაში აღმოჩენილი სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და ობის სოკო - საკვები ობიექტი, რომელიც უვარგისი ხორცით ვაჭრობდა

წერეთლის გამზირზე მდებარე პოპულარული საშაურმე "OK შაურმა” დალუქულია, მფლობელი კი დაჯარიმებული. როგორც ირკვევა, ობიექტზე უვარგის და საშიში ხორცისგან დამზადებულ საკვებს ყიდდნენ. საშაურმეს ბევრი არასრულწლოვანი მომხმარებელიც ჰყავდა. "OK შაურმასთან" ახლოს სკოლაა. აქ დღის განმავლობაში ათობით კილოგრამი ხორცის პროდუქცია მზადდებოდა.

დაავადებული ხორცის წარმოების შემთხვევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ გამოავლინა, რაც "OK შაურმის" მომხმარებელი მძიმე ინტოქსიკაციით კლინიკაში მოხვდა. ჩატარდა არაგეგმური შემოწმება. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, შაურმაში არაერთი პათოგენური მიკროორგანიზმი აღმოჩნდა, მათ შორის სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და ობის სოკო.

კრიტიკული დარღვევების მიზეზით დაკეტილი საშაურმე სწრაფი კვების ობიექტების ქსელის ნაწილია. მათი კიდევ ერთი ფილიალი საბურთალოზე, ე.წ. შაურმების ქუჩაზე მდებარეობს. "OK შაურმას" ამ ობიექტზე "რუსთავი 2-ის" კამერები ზუსტად ერთი თვის წინაც იყო. მაშინ "კურიერი P.S." სამზარეულოში სურსათის უვნებლობის შემმოწმებელთა ჯგუფთან ერთად შევიდა.

ჭუჭყიანი ჭურჭელი, მღრღნელების და პარაზიტების წამალი, მრავალჯერ გამოყენებული ზეთი, გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული პროდუქტები, ანტისანიტარია - ეს "OK შაურმაში" გამოვლენილი დარღვევების მხოლოდ ნაწილია. ადგილზევე დადგინდა, რომ აქ კვება საშიშია და ობიექტს, დაჯარიმების პარალელურად, მუშაობა შეეზღუდა. ეს ფილიალი დღეს აქტიურ მუშაობას ისევ აგრძელებს. ობიექტის თანამშრომელი კი, "კურიერთან" არ მალავს, რომ ყველა ფილიალს ხორცის ერთი და იგივე მიმწოდებელი ჰყავს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაავადებული ხორცით მომზადებულ შაურმაში სალმონელოზის შემთხვევა დადასტურდა. ეს ვირუსული ინფექცია ხშირად მარტივი ფორმით ვლინდება, თუმცა პრაქტიკაში ორგანიზმში ინფექციის გავრცელებისა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

საშიში პროდუქტის მიღებით შესაძლოა ადამიანი ასობით ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით დაავადდეს. დარღვევის გამოვლენის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა "OK შაურმას" ყველა ფილიალის შემოწმება დაიწყო.

დღის ამბები