გაეროს ატომური კონტროლის ხელმძღვანელი, რაფაელ მარიანო გროსი დიდი ბირთვული ავარიის საშიშროებაზე საუბრობს და აფეთქებაზე პასუხისმგებელ პირებს, კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, თავშეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადება მან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უპილოტო სამხედრო თვითმფრინავის თავდასხმის შემდეგ გააკეთა.
რეაქტორის შენობასთან აფეთქების შედეგად მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსის დაზიანებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) გამოეხმაურა და მას "უგუნური" უწოდა.
"ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,"-განაცხადა IAEA-ის ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსიმ.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 7 აპრილს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ელექტროსადგურს თავს უკრაინული სამხედრო დრონები დაესხნენ. მათივე განცხადებით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და კრიტიკულად არავინ დაშავებულა, ხოლო ქარხანაში რადიაციის დონე ნორმალურია.
ცნობისთვის, უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობისას ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე თავდასხმა 2022 წლის ნოემბერშიც განხორციელდა.