18 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - მოსკოვი კვლავ დამარცხდა, თბილისმა სტრასბურგში ისევ მოიგო

ისტორიული გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ბორდერიზაციის პროცესის უკანონობა. ასევე, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო რეჟიმის ნებისმიერი ქმედება.

იუსტიციის სამინისტროში დღეს განმარტეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სამართლებრივი არგუმენტია რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დე ფაქტო რეჟიმის ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის მხარეს ეკისრება.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორის, საუბარია ადამიანის იმ ძირითად უფლებებზე, როგორიცაა სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა, საკუთრებისა და განათლების უფლება. სასამართლოს მოსაზრებას სრულად იზიარებენ ოპოზიციაში.

მმართველი გუნდისთვის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს ოკუპაციასთან საბრძოლველად. ქვეყნის ინტერესების დაცვა, სახელისუფლებო გუნდის ლიდერების შეფასებით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. "რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და საქართველოს ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეზე, სტრასბურგის გადაწყვეტილების პრესრელიზში წერია, რომ ბორდერიზაციის შედეგად შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული მემკვიდრეობაა. საქართველოს მთავრობა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ, აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლის ან იქიდან გასვლის მცდელობისას, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, დაკავებას, დაპატიმრებას ან არასათანადო მოპყრობას.

დღის ამბები