18 მაისი 2024,   22:12
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული დოკუმენტი სტანდარტული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაადგილებას 30 დღის განმავლობაში, ვიზის გარეშე შეძლებენ. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, დღეს გაფორმებული შეთანხმება, ჩინეთის ელჩის აზრით, მორიგ მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს. ჭოუ ციენმა გაიხსენა, რომ საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები გასული წლის 11 სექტემბერს მოხსნა. ელჩის განმარტებით, ჩინეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი სწორედ ქართული მხარის პოზიციამ განაპირობა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში გადაადგილების გამარტივებას მიესალმებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანამ მსგავსი შეთანხმებები ეკონომიკური სარგებლისა და თანამშრომლობისთვის უნდა გამოიყენოს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას საქმით ამტკიცებს და ამას, უვიზო მიმოსვლასთან ერთად, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც ადასტურებს, როგორებიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება და პირდაპირი ავიაფრენები.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში შეზღუდვების გარეშე გადაადგილებას შეძლებდნენ.

ჩინეთი საქართველოსთვის 131-ე ქვეყანაა, სადაც ქართული პასპორტის მქონე ადამიანები უვიზოდ შესვლას შეძლებენ.

დღის ამბები