30 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
ილო კალინინგრადსკიმ და ეშხამ კუთვნილი თანხა ვერ მიიღეს - ე.წ. ძველმა ბიჭებმა ე.წ. კანონიერი ქურდები "გადააგდეს"

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. კანონიერი ქურდები მოატყუეს. ირკვევა, რომ მათთვის მისაცემი 4000 დოლარი თავად დაიტოვეს.

ფარული სატელეფონო ჩანაწერით ირკვევა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ილია გაგლოევი, საზღვარგარეთ მცხოვრებ ვლადიმერ ჩაგელიშვილს, მეტსახელად ”ცქნაფას” ესაუბრა, გამოძიების ვერსიით სწორედ ჩაგელიშვილმა მიმართა ქურდული სამყაროს წევრებს დახმარებისთვის. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა კი დავის გადაწყვეტაში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართეს, დაჰპირდნენ კონკრეტულ თანხასაც.

ე.წ. კანონიერი ქურდები - ილია გაგლოევი და პაატა ვაშაკიძე დაპირებულს რამდენადმე თვის განმავლობაში ელოდებოდნენ. პარალელურად, დისტანციურად იყვნენ ჩართულები ფინანსური დავის მოგვარებაშიც. მაშინ, როდესაც უკვე ფულის აღების დრო დადგა, გაიგეს, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მათთვის გადასაცემი ფული თავად გადაინაწილეს.

მოტყუებულმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ქურდული გარჩევა სოციალური ქსელის მეშვეობით მოაწყვეს. შექმნეს სპეციალური ჯგუფი და საქმეს ონლაინ განიხილავდნენ.

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერისთვის, დაკავებულია 7 პირი, მათ შორის - კრიმინალური ავტორიტეტი დიმიტრი ღვინიაშვილი მეტსახელად "შრამიანი", დემურ ინდუაშვილი, მეტსახელად "შოკი", რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის სახელს იყენებდა და მოდავე მხარეს ფულის მიტანას აიძულებდა, ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებითაც. საქმეში ბრალდებულია გუგა ჭანუყვაძეც, მეტსახელად "ბახა" და გოგიტა კაკაშვილი. ჩანაწერების მიხედვით, სწორედ კაკაშვილმა მიითვისა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის მისაცემი თანხა.

ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომლებიც საქმის გარჩევებში მონაწილეობდნენ და საზღვარგარეთ იმყოფებიან, საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ბრალდებულები არიან ილია გაგლოევი, მეტსახელად " ილო კალინინგრადსკი”; არიკი მიხაელი მეტსახელად "იზიკი"; პაატა ვაშაკიძე, მეტსახელად "ეშხა" და მალხაზ დარჩიები მეტსახელად "მახო".

თბილისში, იყალთოს ქუჩა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის, 43 წლის მამაკაცი აიყვანეს. სპეცოპერაციები ჩატარდა რეგიონებშიც.

დაკავებულები ქურდულ სამყაროსთან კავშირს არ ადასტურებენ და წარდგენილ ბრალსაც არ აღიარებენ. ადვოკატები საქმის მასალებს უკვე გაეცნენ.

საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პროკურორმა გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

4 თვის განმავლობაში, ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტზე სულ 27 პირი მიეცა პასუხისგებაში. 5 ე.წ. კანონიერ ქურდს კი, ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები