29 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური - არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფაა, ვინც სამშობლოს ემსახურება - გიორგი აბდალაძე

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება.

"ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელიც სამშობლოს ემსახურება“, - წერს აბდალაძე.

გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2011 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. წლების წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი მოგვიანებით გაუქმდა და ფოტოგრაფები სრულად გამართლდნენ. დადგინდა, რომ 2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორები გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და ჯაშუშობა ზეწოლითა და მუქარით აღიარებინეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელს პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოაწერს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

 

დღის ამბები