30 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
"კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და 100 000 დოლარს სთხოვდა“ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული ტ. გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები