როგორ უპასუხებს ისრაელი ირანის თავდასხმას - ამ საკითხის გადასაწყვეტად გამართული ომის კაბინეტის სხდომა, გვიან ღამით, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თელ-ავივს მომხდარზე რეაგირება აუცილებლად ექნება, განიხილება რამდენიმე ვარიანტი. Reuters-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ომის კაბინეტი რეაგირების დროსა და მასშტაბებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას.
ამავდროულად, დასავლურ მედიასთან ინტერვიუს დროს ისრაელის პრეზიდენტი ამბობს, რომ
ისრაელს არ სურს ომი და ისინი მოქმედებენ "ცივი გონებით და გააზრებულად".
ვაშინგტონმა ღიად დააფიქსირა, რომ არ გეგმავს კონფლიქტის ესკალაციას და ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს. გაეროში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ირანმა აშშ-ს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში დასრულებულია და ეს დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმისთვის პასუხი იყო.
შეგახსენებთ, შაბათს, გვიან ღამით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა - აქედან 99 % ჩამოგდებული იქნა ისრაელისა და მისი პარტნიორების მხრიდან.