01 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
მაია ბითაძე: ვეტოს დადება არ გაგვიკვირდება, ეს არის მისი ჩვეულებრივი სტილი და საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობას დაამახსოვრდება პრეზიდენტი, რომელიც უბრალოდ ადებს ვეტოებს კანონებს

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მისთვის ვეტოს დადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ეხმიანებიან პოლიტიკოსები.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ინიციატივის დაბლოკვა მოულოდნელი არ იქნება. მათივე განმარტებით, ვეტო აუცილებლად დაიძლევა, რადგან კანონპროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

“ვეტოს დადება არ გაგვიკვირდება, ეს არის მისი ჩვეულებრივი სტილი და საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობას დაამახსოვრდება პრეზიდენტი, რომელიც უბრალოდ ადებს ვეტოებს კანონებს და ასევე, ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ისინი არიან კრიმინალები. როგორც ასე, ძალიან არ უნდა იცნობდე შენც მოსახლეობას და ვერ ხვდებოდე იმას, რომ ქართველი ხალხი საბოლოო ჯამში ყველაფერს ხვდება და ყველაფერს პასუხს გასცემს,“ - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

სალომე ზურაბიშვილის წინასწარ დაანონსებულ ნაბიჯს მიესალმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ მართალია, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს ადვილად დაძლევს, თუმცა ამით კანონის საბოლოოდ მიღება გარკვეული პერიოდი გახანგრძლივდება.

დღის ამბები