01 მაისი 2024,   22:04
ვრცლად
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით - დასკვნითი ღონისძიება თემურ ბაბლუანის წიგნის წარდგენა იყო, რომელიც უცხოელ მკითხველს თავად ავტორმა გააცნო

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალს, ეროვნული სტენდით პირველად ეწვია. დასკვნითი ღონისძიება თემურ ბაბლუანის წიგნის წარდგენა იყო. ფრანგულად თარგმნილი "მზე, მთვარე და პურის ყანა" უცხოელ მკითხველს თავად ავტორმა გააცნო.

წიგნს უკვე მოჰყვა ფრანგების დიდი გამოხმაურება. ბაბლუანის რომანის პრეზენტაციით საქართველოს მწერალთა სახლის მონაწილეობა, პარიზის წიგნის ფესტივალზე დასრულებულია.

ორი დღის განმავლობაში, ქართველი მთარგმნელები, მწერლები და გამომცემლები, ევროპელ მკითხველს ქართული წიგნის კულტურას აცნობდნენ.

საქართველოს ეროვნულ სტენდთან, უცხოელი სტუმრები არაერთ ღონისძიებას დაესწრნენ. მათ შორის "ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე" და „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი", რომელიც ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს განიხილავს.

პარიზის წიგნის ფესტივალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, ყოველწლიურად იმართება. მონაწილეობას კი 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პარიზში, ეროვნული სტენდით საქართველოს სტუმრობა მომდევნო წლებშიც იგეგმება.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები