18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
ცოტამ თუ იცის ის გზა, რომელიც პაატა გულიაშვილმა ყველაზე რეიტინგული იუმორისტული შოუს წამყვანობამდე გაიარა

უკვე 25 წელია პაატა გულიაშვილი მაყურებლის განწყობაზე ზრუნავს და ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ტელეეკრანთან ელოდებიან, თუნდაც რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც, გააბედნიეროს.

ცოტამ თუ იცის ის გზა, რომელიც ყველაზე რეიტინგული იუმორისტული შოუს წამყვანობამდე გაიარა. ეს ამბავი კი თელავიდან იწყება. იმ ქალაქიდან, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა. ამბობს, რომ მისი ბავშვობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, მაშინ, როდესაც მამა გარდაეცვალა. ხანგრძლივ გზას სევდაც ახლავს თან, რადგან სახლი, სადაც ახლა მიდის მსახიობის მამის, ავთანდილ გულიაშვილის სახელობის ქუჩაზე დგას, თუმცა ამ სახლში მამა აღარ ელოდება.

თელავში, სადაც მას მუდამ ელოდებიან, მეორე სახლიც აქვს. ახლა იმ თეატრშია, სადაც როგორც მსახიობმა პირველი ნაბიჯები გადადგა სცენაზე და როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა 12 წელი გაატარა.

თეატრში ყველაფერი ისევ ისეა როგორც დატოვა - აფიშები, ფოტოები და, რა თქმა უნდა, ხალხი, რომლებსაც საკუთარი პროფესიის მიმართ რწმენა ჩაუნერგა და ერთ დროს მივიწყებულ სცენაზე იმედი გააჩინა.

აქ განვლილ წლებს, არამარტო თვითონ, არამედ მისი თეატრმცოდნე მეგობრებიც იხსენებენ. თეატრის კედლებმა ერთიანად გაუცოცხლა ძველი მოგონებები, პერიოდი, როდესაც მსახიობობაზე მეოცნებე ბიჭი რეგიონიდან დედაქალაქში დიდ სცენაზე სათამაშოდ ჩავიდა. დაბრკოლებების მიუხედავად საკუთარი გადაწყვეტილება არცერთი წამით არ უნანია.

ყველა კომიკოსის ოცნებაა, რომ ცხოვრებაში ერთხელ დრამატული პერსონაჟი ითამაშოს. მისი ოცნებაც ახდა და როდესაც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა უილიამ შექსპირის უკვდავი პიესა “ვენეციელი ვაჭარი” დადგა, მთავარი როლი პაატა გულიაშვილს ერგო. ერთი შეხედვით კომედიური ჟანრის მსახიობმა შეძლო დაუვიწყარი დრამატული სახე შექმნა.

თეატრალურმა სამყარომაც სათანადოდ დააფასა მისი საქმიანობა და სულ რამდენიმე თვის წინ, ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიანიჭა.

დღეს განვლილ გზას რომ იხსენებს ყველაზე მეტად თელავის თეატრში შეტანილი წვლილისთვის ამაყობს და გულდამშვიდებული ტოვებს შენობას, რომელსაც 12 წლის წინ ახალი სიცოცხლე აჩუქა. ერთადერთი რაც თან მოაქვს ადამიანების სიყვარული და კაბინეტის თავზე დაკიდებული აბრაა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები