29 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
როგორ ერევა ხელოვნური ინტელექტი ინდოეთის არჩევნებში

ინდოეთში, სადაც საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს, გავრცელდა ყალბი ვიდეოები ბოლივუდის ორი მსახიობის მონაწილეობით, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის აკრიტიკებენ და ხალხს მოუწოდებენ, არჩევნებში ხმა ოპოზიციურ კონგრესის პარტიას მისცენ.

30 და 41 წამიან ვიდეოებში, სუპერპოპულარული ვარსკვლავები - ამირ ხანი და რანვეერ სინგი ამბობენ, რომ ნარენდრა მოდიმ თავისი პრემიერ-მინისტრობის ორი ვადის განმავლობაში, ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები და ვერ გადაჭრა კრიტიკული ეკონომიკური საკითხები.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ორივე ვიდეო მთავრდება ოპოზიციური კონგრესის პარტიის სლოგანით - "ხმა მიეცით სამართლიანობას, მიეცით ხმა კონგრესს".

ორივე მსახიობმა განაცხადა, რომ ვიდეოები ყალბია. ამასთან, Facebook-მა, X-მა და ფაქტების შემმოწმებელმა მინიმუმ რვა ვებსაიტმა ვიდეო მონიშნეს, როგორც შეცვლილი ან მანიპულირებული. ინდოეთის პოლიციამ ვიდეოების ავტორს, ამ ეტაპზე, ვერ მიაკვლია, ხოლო ვიდეოების უმეტესობა, ამ დროისთვის, წაშლილია.

Reuters-ის ცნობით, ვიდეოებს სოციალურ მედიაში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ამ ვიდეოების გავრცელება ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ყალბმა და მანიპულირებადმა ინფორმაციამ შესაძლოა ძლიერი გავლენა მოახდინოს ინდოეთის არჩევნებზე, რომელიც 19 აპრილს დაიწყო და ოთხ ეტაპად, პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ხელოვნური ინტელექტი და Deepfake სულ უფრო ხშირად გამოიყენება წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაკისტანსა და ინდონეზიაში.

 

წყარო: Reuters

 

დღის ამბები