04 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
ის, რომ გვარამია იყო პოლიტიკური მოტივით დაკავებული, ეს ესმის ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანს - ზურა ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს ნაწილში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტ პატიმრებს ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს ეხება, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ნიკა გვარამიას პოლიტ პატიმრად მოხსენიება მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გვარამიას საქმეზე სპეკულაციები სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა, რომელმაც მისი საქმე განსახილველადაც კი არ მიიღო.

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, გვარამია პოლიტიკური მოტივით რომ იყო დაკავებული, ეს ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანს ესმის.

"სტრასბურგი აფასებს გარკვეულ პროცედურებს და შეიძლება პროცედურულ რაღაცებში ვერ იპოვა დარღვევა, მაგრამ ის, რომ გვარამია იყო პოლიტიკური მოტივით დაკავებული ეს ესმის ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ბევრი მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და განსხვავებაა წინა ანგარიშთან შედარებით არის ის, რომ ქვეყანაში არის სერიოზული სამთავრობო კორუფცია", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

დღის ამბები