22 მაისი 2024,   10:12
ვრცლად
ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც ერთსაათიან გზას 15 წუთამდე შეამცირებს - როდის დასრულდება ახალი გზის მშენებლობა

მალე თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით ჩასვლა 2 საათში შესაძლებელი იქნება. გადაადგილების დროს, ერთ საათს სოფელ ქვეშეთის - სოფელ კობთან დამაკავშირებელი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი შეამცირებს. 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გადის, დღეს დასრულდა.

ეს იქნება საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან ქვეშეთი-კობს დააკავშირებს. ასევე - უნიკალური მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი მახასიათებლების გათვალისწინებით. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის დარჩენილია ელექტრო, საინჟინრო სისტემებისა და გზის საფარის მოწყობის ეტაპები. პარალელურად დაწყებულია საევაკუაციო გვირაბის მშენებლობის პროცესიც.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში სულ 23 კილომეტრიანი ორ ზოლიანი გზა დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს დამატებით 6 ხიდის და 5 გვირაბის მშენებლობას. ქვეშეთი კობის მონაკვეთი, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია, გააუმჯობესებს კავშირებს რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. ობიექტი ახალი შესაძლებლობაა იმ ათი სოფლის მოსახლეობისთვისაც, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდათ სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებების საშუალება

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია.

სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ის სრულად მომავალ წელს დასრულდება. პროექტი გუდაურამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები