პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1984 წელს დაბადებული დ.ა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს 1988 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.