16 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
საქართველოში მიმდინარე აქციები და ამ აქციებზე დაკავებულები – სამართალდამცველები, უკვე რამდენიმე დღეა, აქციებზე გადაღებულ ვიდეოკადრებს სწავლობენ

14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გადაღებულ კადრებში ჩანს 2 ახალგაზრდა, რომელიც დამცავ რკინის ჯებირებს აზიანებს. ახალგაზრდები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა დღეს 19 და 23 წლის პირები დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ორი დემონსტრანტი პარლამენტის შესასვლელთან დამონტაჟებულ დამცავ ჯებირს ფიზიკური ძალის გამოიყენებით აზიანებდა. მოგვიანებით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ნიღაბი გაიკეთა და კონსტრუქციის დაშლას, უკვე რკინის ნივთით, ცდილობდა. პოლიციამ ისინი საცხოვრებელ მისამართებზე აიყვანა. ორივეს გამოძიება ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება. ბრალი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველები, უკვე რამდენიმე დღეა, აქციებზე გადაღებულ ვიდეოკადრებს სწავლობენ.

შესწავლილ კადრებში სამართალდამცველებმა სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებელიც ნახეს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ოკმელაშვილი, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველს, სახის არეში, რამდენჯერმე ურტყამს.

სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებელი პოლიციამ გუშინ, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავა. დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა მის ოფისში ჩხრეკა - ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები. ოკმელაშვილს ბრალი დღეს დაუზუსტდა და, პოლიციელზე თავდასხმის გარდა, გამოძიება მის წინააღმდეგ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლითაც დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის - სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და ძალადობისთვის.

14 აპრილიდან დღემდე, სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის კოდექსით, სულ 9 დემონსტრანტი დააკავეს.

ერთი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით, პასუხისგებაში მიეცა აქციის 200-ზე მეტი მონაწილე. მათ შორის - სამართალდამცველზე თავდასხმისთვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისიც. აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. გრიგორიადისს პატიმრობის 48-საათიანი ვადა ამოეწურა და დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ინტერესებს, პირველივე დღიდან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს. იურისტებმა დღეს სპეციალური განცხადებაც გააკეთეს. მათ საგამოძიებო უწყებებს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.

მიმდინარე დემონსტრაციების დროს გამოვლენილ კანონდარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მიმდინარეობს იმ პირების ვინაობის დადგენა და დაკავება, რომლებმაც აქციების დროს კანონი დაარღვიეს.

დღის ამბები