27 ივლისი 2024,   03:52
ვრცლად
ხვალ რუსთაველის გამზირს, დემონსტრანტების ნაცვლად, მორწმუნეები და ის მოქალაქეები დაიკავებენ, ვინც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს – მრევლი ქაშუეთის ეკლესიასთან 12:00 საათზე შეიკრიბება

17 მაისს საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება. მარშრუტი უცვლელია - ქაშუეთის შემდეგ, სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, დედაქალაქს უერთდებიან რეგიონები - დმანისი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი. რუსთავში სასულიერო პირები, მრევლი, საზოგადოება, დილის 9:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკში შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. დედაქალაქის მსგავსად, რუსთაველების ბოლო გაჩერებაც ქაშუეთის ტაძარი იქნება. მსვლელობას საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაც შეუერთდება. ღონისძიებაში ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეებიც ჩაერთვებიან.

17 მაისს, საზეიმოდ, იმერეთშიც აღნიშნავენ. სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, მსვლელობით, ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან ბალახვანში გაემართებიან.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დილიდან სამზადისია - ოჯახის სიწმინდის დღეს სამეგრელოც აღნიშნავს. ზუგდიდი, მარტვილი, აბაშა, ხობი, სენაკი, ფოთი - 12:00 საათიდან, სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში პარაკლისი აღევლინება. იქნება ლოცვითი მსვლელობაც.

პარაკლისი, ქუჩების კურთხევა და ლოცვითი მსვლელობაა დაგეგმილი გურიის ყველა ქალაქში. დეკანოზ ილია ჩხატარაშვილის თქმით, ქვეყნის კეთილდღეობა სწორედ ოჯახების სიმყარეზეა დამოკიდებული.

17 მაისის საქართველოს მასშტაბით აღნიშვნის აუცილებლობაზე აჭარაშიც საუბრობენ. ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლი 11:00 საათიდან შეიკრიბება. ბოლო გაჩერება ბათუმის იუნკერთა საფლავი იქნება, სადაც სამღვდელოება პარაკლისს გადაიხდის - ოჯახის სიწმინდის დღეს აჭარის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ ამ დღეს აღმოსავლეთ საქართველო პირველად იზეიმებს. კახეთში, თელავის ღვთისმშობლის ტაძარში პარაკლისის შემდეგ, მრევლი თეატრის მიმართულებით დაიძვრება. სასულიერო პირები აკურთხებენ ქუჩებს და 17 მაისის აღნიშვნას ღვთაების ტაძარში დაასრულებენ.

მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 17 მაისი საქართველოს ყველა რეგიონში საგანგებოდ აღინიშნება. ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს. "სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი", - წერს მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ ვერავინ უნდა შეძლოს დააპირისპიროს ერთმანეთს, ერთი მხრივ, ქვეყნის პროგრესული განვითარება და, მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები. "პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები!", - წერს მამუკა მდინარაძე

მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ინიციატივით, 2014 წლიდან აღინიშნება.

დღის ამბები