ქართული სპორტის ქომაგებმა, საქართველოში, მარტის თვეში გამართულ საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრობის მაღალი კლასი აჩვენეს. ქართველ ფეხბურთელებს უპირობო გვერდში დგომა გამოუცხადეს და, მათი ჩართულობით, ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ახლა ჯერი ევროპაში ჩანიშნულ თამაშებზეა, სადაც სპორტსმენებს კიდევ უფრო გულმხურვალე მხარდაჭერა სჭირდებათ. ქომაგების გამგზავრების უზრუნველყოფისთვის კი, ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.
სუბსიდირებული ბილეთების ყიდვასა და შეღავათიან ფასად გამგზავრებას შეძლებენ გულშემატკივრები, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვს მატჩის ბილეთები. მისი წარდგენა სავალდებულო იქნება.
სუბსიდირებული ბილეთების გაყიდვა კვირის ბოლოს დაიწყება. ავიაკომპანიები, ამ ეტაპზე, ფრენების განრიგს ადგენენ.
ბილეთების საკითხთან ერთად, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ნაკრებისთვის გამოყოფილ პრემიაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონატზე გასვლის პრემია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის 850 000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად მიიღეს.
გულშემატკივარი უკვე მზად არის, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, იყოს საქართველოს ნაკრებთან ერთად. მათ ნაწილს უკვე დაგეგმილი აქვს გერმანიის ტური, ნაწილი კი დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ჩაინიშნავს გამგზავრების თარიღებს.