15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვისა და ეკონომიკისთვის - ალექსანდრე ძნელაძე სებ-ის გადაწყვეტილებაზე

საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯებით ამცირებს სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს და შემდგომი გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით იქნება მიღებული რადგან, რეგიონში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რისკები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირდა.

ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, რისკ-ფაქტორები ასევე ადგილობრივ ბაზარზეცაა გარკვეულწილად მზარდი.

"აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს უჭირავს ხელი პულსზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ის რომ აქტიურობის შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი, რადგან საბანკო სექტორი კვლავაც რჩება ეკონომიკის მთავარ დამფინანსებლად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მაჩვენებლები აპრილში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და რეალურად დღეისთვის მიზნობრივისთვის არ მიუღწევია .

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო სებ-ის გადაწყვეტილება, რომ შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისთვის",- განაცხადა ძნელაძემ.

დღის ამბები