16 ივნისი 2024,   14:56
ვრცლად
საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო - ინიციატივა მიზნად ისახავს სპეციალური რეესტრის შექმნას, რომელშიც უცხოური ინტერესების ლობისტებს დაარეგისტრირებენ

უცხო ქვეყნების ჩარევა, უპრეცედენტო კიბერშეტევა ახალ კალედონიაში, ანტისემიტური განცხადებების გავრცელება სოციალურ ქსელებში, რისკები ოლიმპიურ თამაშებზე - ეს იმ საფრთხეების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური რეესტრი, სადაც უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს დარეგისტრირება მოუწევთ. საფრანგეთის შიდა საქმეებში მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩარევის მცდელობებზე ვრცელი მოხსენებით სენატორი ანიეს კანაიე გამოვიდა. ფრანგი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ კანონი ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

კანონი მიზნად ისახავს საფრანგეთში უცხოური ჩარევის თავიდან აცილებას. ის, ასევე, უფლებას აძლევს სადაზვერვო სამსახურებს, გამოიყენონ ალგორითმები უცხოური ჩარევის ოპერაციების გამოსავლენად. ამ საკითხმა კანონმდებლებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია.

ფრანგულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ უცხოური ინტერესების წარმომადგენლად უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა პირი, გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა. დარეგისტრირება შეეხება საფრანგეთის მოკავშირე შეერთებულ შტატებსაც.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ხშირად მოკავშირე ქვეყნები სულაც არ არიან საფრანგეთის მეგობრები, მაგალითად კი მოყვანილია ვაშინგტონი, რომელიც, როგორც ინიციატივაშია ნათქვამი, უხეშად ერევა საფრანგეთის შიდა საქმეებში. საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაცია წერს, რომ აშშ სხვადასხვა მეთოდით მოიპოვებს ინფორმაციას და ძირს უთხრის საფრანგეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

დეკლარაციის შევსება ეხება ფიზიკურ პირებსაც, მათ შორის - იურისტებსაც და ჟურნალისტებსაც. დაზვერვის სამსახურთან საუბრისას, აღმოაჩინეს, რომ უცხოეთიდან ჩარევა ხდებოდა ჟურნალისტების, ან იურისტების დახმარებითაც.

სენატორები აცხადებენ, რომ საგარეო ჩარევა სულ უფრო ძლიერდება და უკვე სხვადასხვა სექტორს ეხება. ფორმები მრავალფეროვანია, მათ შორის - დეზინფორმაციული ოპერაციები, კიბერშეტევები, ჯაშუშობა და კორუფცია. დოკუმენტში ყველაზე ხშირად არის ნახსენები რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი, როგორც უცხოური ძალები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას.

დღის ამბები