20 ივნისი 2024,   10:02
ვრცლად
რა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ურეკავდნენ მოქალაქეებს უცხო სატელეფონო ნომრებიდან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს მოქალაქეებთან უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, სამსახურმა განახორციელა შპს "მაგთიკომის", სს "სილქნეტის" და შპს "სელფი მობაილის" ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის დათვალიერება. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას. სამსახურმა, ზარების შინაარსისა და შემთხვევების მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქმე პროკურატურას გადაუგზავნა.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით.

სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდება როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი პირები, ორივე შემთხვევაში, საუბრობენ ქართულ ენაზე.

მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო ზარები მიემართება მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წარმოადგენს მათი დაშინების მცდელობას. კერძოდ, სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით, ეკითხებიან, თუ რატომ არ უჭერენ მხარს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ. გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან/ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს.

როგორც მოქალაქეების ნაწილი სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მიუთითებს, უცხო სატელეფონო ნომრებიდან შემავალ ზოგიერთ ზარს არ უპასუხეს და ზარის ინიციატორებთან მათი კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა, მათი რწმენით, აღნიშნული ზარებიც ცალსახად უკავშირდებოდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და, შესაბამისად, მათ პოლიტიკურ შეხედულებას, რაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ამგვარ შემთხვევებშიც, ახლობლებთან თუ ნაცნობებთან განხორციელებული მსგავსი ზარების შინაარსის გათვალისწინებით, მიაჩნდათ, რომ თუ კომუნიკაცია შედგებოდა, იგი იქნებოდა დამაშინებელი, მუქარის შემცველი ან/და შეურაცხმყოფელი.

საგულისხმოა, რომ მომართვების ავტორები მიუთითებენ, მათ შორის, ღამის საათებში განხორციელებულ ზარებზე, რომლებიც მათსა და მათ ოჯახის წევრებში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. როგორც მოქალაქეები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ზარის განმახორციელებელი პირებისთვის ცნობილია ზარის ადრესატების საცხოვრებელი მისამართები, ისინი მუქარას აღიქვამენ რეალურად.

ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, სამსახურმა შემოწმების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისთვის განახორციელა საქართველოში მოქმედი სამი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის - შპს "მაგთიკომის", სს "სილქნეტის" და შპს "სელფი მობაილის" ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის დათვალიერება.

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული იმ ქართული სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მონაცემთა სუბიექტებთან სატელეფონო ზარები განხორციელდა, არ არის მათ ქსელში კონკრეტულ პირებზე (მათ შორის, სატელეფონო ზარების განხორციელების დროს) რეგისტრირებული, შესაბამისად, სატელეფონო ნომრები არააქტიურია. ამდენად, მათთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

შემოწმების ფარგლებში, ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ქსელში კონკრეტულ პირზე რეგისტრაციის მიუხედავად, სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერის თანახმად, მითითებული ნომრიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება გამავალი/შემავალი სატელეფონო ზარები. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია.

შემოწმების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ანალოგიური პროცესი იკვეთება უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებითაც. ადგილზე შემოწმების ფარგლებში, ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულ აბონენტებთან, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანული ნომრებიდან ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ზარები, რაც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპერატორისგან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არ ხდებოდა მათი ქსელის გავლით.

შემოწმების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ სამსახურისთვის მოწოდებული განმარტებების თანახმად, მათთვის უცნობია მათ ქსელში არარეგისტრირებული სატელეფონო ნომრების მფლობელების ვინაობის და დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ.

საგულისხმოა, რომ შემოწმების ფარგლებში ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ნომრებიდან, 2024 წლის მაისის თვეში, დაფიქსირდა აღნიშნული კომპანიის ოთხასზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც, მითითებულ პროცესში მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, ერთგვაროვანი მეთოდის (ე.წ. Caller ID Spoofing) გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს, ამასთან, ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას,"-ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები