27 ივლისი 2024,   04:27
ვრცლად
რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ.

გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია "ჯითის" წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (ჯამში 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისათვის შეძენილ იქნა 82 ერთეული, 10 და 16-კუბიანი "ივეკოს" ფირმის ნაგავმზიდები. ექსპლუატაციაში შევა ამ ეტაპისათვის 48 ერთეული. ნაგავმზიდების შესყიდვა განხორციელდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში შეადგენს 33 მილიონ ლარს და დარწმუნებული ვარ, დიდი სიკეთის მომტანი იქნება მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის მიმართულებით." - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. განხორციელებული აქტივობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის კუთხით, ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთჯერადი არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება, მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

ავტომობილები დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღჭურვილია ევრო 5 ემისსის სტანდარტის ძრავებით. ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4 -ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებშიც შეძლონ ოპერირება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის ამბები