17 ივნისი 2024,   15:21
ვრცლად
აშშ-ის ქალაქ უვალდეს სკოლაში მასობრივი სროლისას დაღუპულების ოჯახები Instagram-ს, Activision-ს და Daniel Defense-ს უჩივიან

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს სკოლაში მასობრივი სროლისას დაღუპულების ოჯახები სოციალურ ქსელ Instagram-ს, თამაშების მწარმოებელ Activision-ს და იარაღის მწარმოებელ Daniel Defense-ს ხოცვა-ჟლეტის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. სარჩელში ნათქვამია, რომ ეს "უწმინდური სამება" ერთად მუშაობს ჩაკეტილი თინეიჯერი ბიჭების მკვლელებად გადასაქცევად.

27 მოსარჩელის მიერ შეტანილი საჩივრები დეტალურად აღწერს, თუ რა წვლილი მიუძღვის ამ 3 კომპანიას ტრაგიკულ შემთხვევაში. როგორც ირკვევა, იარაღით შეპყრობილმა თინეიჯერმა მასობრივი მკვლელობის იარაღი, Daniel Defense-ის წარმოებული AR-15, თავის მე-18 დაბადების დღეზე, შუაღამის გადასვლიდან ზუსტად 23 წუთში იყიდა.

რაც შეეხება ტრაგიკულ შემთხვევაში Instagram-ის როლს - 27 მოსარჩელე სოციალურ ქსელს აგრესიულ მარკეტინგში ადანაშაულებს, რომლის მეშვეობითაც იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა თინეიჯერზე გავლენის მოხდენა მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ META-ს ოფიციალური სარეკლამო პოლიტიკა კრძალავს იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების პოპულარიზაციას და გაყიდვას, კვლევებმა აჩვენა, რომ ხარვეზები იარაღის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მისწვდნენ.

მოსარჩელეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ მკვლელი თინეიჯერი Activision-ის თამაშის, Call of Duty-ის მეშვეობით მკვლელობაში 15 წლიდან "იწვრთნებოდა". სარჩელში აღნიშნულია, რომ მკვლელობის იარაღი თამაშში გამოყენებულ ერთ-ერთ იარაღს ემთხვევა.

თამაშების მწარმოებლის, Activision-ის სპიკერმა უვალდეს სროლას უწოდა "საშინელი და ყოველმხრივ გულისამრევი", თუმცა აღნიშნა, რომ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თამაშობს ვიდეოთამაშებს, მაგრამ დანაშაულებრივ ქმედებებს არ სჩადის.

აშშ-ის გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია მწუხარებას და აღშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თუმცა თამაშებსა და ტრაგიკულ ფაქტს შორის არსებულ ყოველგვარ კორელაციას უარყოფს.

2022 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს სკოლაში, მასობრივი სროლისას, 19 თინეიჯერი და 2 მასწავლებელი დაიღუპა. მასობრივ სროლაზე პასუხისმგებელი თინეიჯერი ბიჭი პოლიციამ მოკლა.

წყარო: The Guardian

დღის ამბები