17 ივნისი 2024,   12:20
ვრცლად
გალა კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ფოლკლორი და გასტრონომიული ფესტივალი - როგორ აღნიშნავს საქართველო წელს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში, ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ სცენაზე, გალა კონცერტისთვის გენერალური რეპეტიცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ წელს 26 მაისი განსხვავებულად აღინიშნება. იქნება სიახლეებიც - მუსიკალური ნაწილი სრულად დაეთმობა ქართულ ფოლკლორს. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 1000-მდე მონაწილე ჩამოვა.

ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს - წელს ეს 26 მაისის მთავარი კონცეფციაა.

დედაქალაქში თავისუფლებიდან რესპუბლიკის მოედნამდე არაერთი სტენდი მოეწყობა, სადაც მისულ სტუმრებს სპორტული, კულტურული და შემეცნებითი სანახაობა დახვდებათ. წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ ღვინოს. იქნება დეგუსტაცია და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება დედაქალაქის მერიაც. თბილისის მთავარ გამზირზე მოეწყობა გასტრონომიული ფესტივალი. იქნება ცოცხალი მუსიკა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნება გორშიც. ქალაქის მთავარ მოედანზე ღონისძიებას შსს უმასპინძლებს. გორის ცენტრში მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ

დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ რუსთავშიც. ქალაქის სტუმრებსა და მცხოვრებლებს რუსთავის ქუჩებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები დახვდებათ. ღონისძიების ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა. უწყებაში თქვეს ისიც, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

ღონისძიების მასპინძელი, კახეთში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. დაგეგმილი აქტივობები ყველა ასაკისთვის იქნება გათვლილი. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტიც. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია აეროპორტების გაერთიანება და თავდაცვის სამინისტროც.

26 მაისის აღსანიშნავად მთელი საქართველო ემზადება. კონცერტები ყველა რეგიონში გაიმართება. თბილისში კი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები