17 ივნისი 2024,   13:04
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტი დახლებზე - ციმბირულ პელმენში სალმონელა აღმოაჩინეს

სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტი დახლებზე - სუპერმარკეტებიდან ამოღებულია დაავადებული ხორცისგან დამზადებული ნახევარ-ფაბრიკატები.

"კურიერის" კითხვებზე პასუხის გაცემა იმ სუპერმარკეტის თანამშრომლებს უჭირთ, საიდანაც დაავადებული ხორცისგან დამზადებული ციმბირული პელმენი ამოიღეს. საუბარია კომპანია "ხინდას" მიერ წარმოებულ ნახევარ-ფაბრიკატზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში იყიდება.

პროდუქტი ქალაქ ხაშურში სურსათის უვნებლობის სამსახურმა შეამოწმა. დახლებიდან აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად დამუშავდა. კვლევამ კი, პათოგენური მიკროორგანიზმი 5 ნიმუშში გამოავლინა.

დარღვევის გამოვლენის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა G&A GROUP-ი 1000 ლარით დააჯარიმა და მათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩერა. მწარმოებელს ასევე დაევალა პელმენის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება და რაოდენობის აღრიცხვა.

"კურიერი" დღეს მწარმოებლის პოზიციითაც დაინტერესდა. ირკვევა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას ლაბორატორიული დასკვნის არ სჯერა. "G&A GROUP" მიღებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა რეალიზაციიდან ამოღებული პროდუქტის შესწავლას თავადაც აპირებს. კომპანია თავისივე წარმოებულ პროდუქტს დამოუკიდებელ კერძო ლაბორატორიულ ანალიზს ჩაუტარებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაავადებული ხორცით მომზადებულ პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აღმოჩნდა. სალმონელოზის შემთხვევა სურსათის უვნებლობის სამსახურს არაერთხელ გამოუვლენია. საშიში პროდუქტის მიღებით შესაძლოა ადამიანი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით დაავადდეს. ის ხშირად მარტივი ფორმით ვლინდება, თუმცა პრაქტიკაში სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების შემთხვევებიც არსებობს.

 

დღის ამბები