17 ივნისი 2024,   15:21
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკისა და ხარკოვის ოლქებში რჩება

ბოლო 3 კვირაა უკრაინის მთავარი ფოკუსი ხარკოვია, რადგან რუსეთი იქ წინ მიიწევს. ოლქში ავიადარტყმები დღესაც მრავლად ისმოდა. დარტყმის ქვეშ მოხვდა სამშენებლო ჰიპერმარკეტი, სადაც გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა 200-მდე ადამიანი ყოფილიყო. უკვე არის ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ბოლო ამ მასშტაბის შეტევა 2 დღის წინ ხარკოვის გამომცემლობაზე მოხდა, ადგილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცენტრალური აზიიდან ჩასულ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა. მათ საკუთარი თვალით ნახეს განადგურებული შენობა, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად სირთულისა, ბოლო ცნობები კიევში დამაიმედებლად ჟღერს: ხარკოვის გარკვეულ მონაკვეთებში უკრაინამ მტრის შევიწროება შეძლო და კონტრშეტევითი ოპერაციებით ვითარების სტაბილიზებაც მოახერხა.

სწორედ ხარკოვში მიმდინარე მძიმე ბრძოლები გახდა ნატოს გენერალური მდივნის მოწოდების საფუძველი, რომ დროა ალიანსის წევრებმა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნან და საშუალება მისცენ კიევს, მოკავშირეების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენონ. იენს სტოლტენბერგი "ეკონომისტთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საბრძოლო ობიექტებზე წინააღმდეგობის გაწევით უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს.

რუსეთს ამ ეტაპზე მათ ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინული დრონები აწუხებს, რომლებიც აქტიურად ჩნდებიან და ზიანიც მოაქვთ. სულ ბოლოს ასეთი უპილოტო საფრენი აპარატები გასულ ღამით, კურსკში და ბელგოროდში მოიგერიეს. თუმცა, კრემლში ამბობენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია ნატოს შეიარაღებასაც იყენებს, ეს განცხადებას სერგეი ლავროვს არც კონკრეტული მაგალითებით გაუმყარებია და არც მტკიცებულებები წარმოუდგენია.

ვაშინგტონს უკრაინასთან მიმართებით სინდისი სუფთა აქვს. მორიგი ამერიკული დახმარების შესახებ ინფორმაცია კიევში დღესაც ჩავიდა. 275 მილიონი დოლარი "ჰაიმარსის" სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, ნაღმებსა და მრავალ სხვა შეიარაღებას მოხმარდება. ამის შესახებ პენტაგონმა თქვა.

ომის 882 დღეს ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკისა და ხარკოვის ოლქებში რჩება. ეს კი უკრაინის მშვიდობის სამიტის მოახლოების ფონზე, რომლის მიმართაც რუსეთი ერთი შეხედვით ღიაობას აჩვენებს, თუმცა კვლავ საკუთარი პირობებითა და უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმაციის უარყოფით. კიევში თვლიან, რომ მოსკოვს ივნისის სამიტის შედეგები აშინებს და მის ჩასაშლელად ყველა ზომას ხმარობს.

დასავლეთშიც ბევრი იზიარებს აზრს, რომ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. სულ ბოლოს ეს მაკრონმა თქვა, რომელმაც ტრადიციულ "ოლიმპიურ ზავზე" კრემლისგან უარი მიიღო, რაც პარიზის ოლიმპიადის პარალელურად ცეცხლის დროებით შეწყვეტას გულისხმობდა.

დღის ამბები