17 ივნისი 2024,   21:17
ვრცლად
ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელი და უპერსპექტივო - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების მიმართ შეთავაზებულ წინადადებას, "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერის შესახებ, უმრავლესობაში ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკური და უპერსპექტივო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა არაგულწრფელი და უპერსპექტივოა.

"ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელი და უპერსპექტივოც, იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას რუსეთის აგენტს ეძახდა. იგივე ხალხია, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა ახალი ფრონტის ჩამოყალიბება დაიწყეს. საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, რომ თავის ლიდერი და თავის პროგრამა წარუდგინოს საზოგადოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ომის ქარტიაა, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებაა.

"მოვისმინეთ ის, რაც ისედაც ცნობილი იყო. სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა რადიკალური ოპოზიციის და კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. დღეს, ეს ყველაფერი, აღნიშნული ქარტიით დადასტურდა, თუმცა ეს არ არის ქართული პარტია, ეს არის ომის ქარტია იმიტომ, რომ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და "ნაციონალური მოძრაობის"ხელისუფლებაში დაბრუნებას", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები