ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული პირველი საპილოტე ავტოგადაზიდვა და სამომავლო გეგმები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო საავტომობილო ოფიცერი ლიუ ტუნგი მონაწილეობდნენ.
მხარეებმა განხორციელებული საპილოტე გადაზიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია განიხილეს და ივლისის თვეში, საქართველოს გავლით ანალოგიურ მარშრუტზე სატრანზიტო გადაზიდვა დაგეგმეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, უკვე შესაძლებელია, ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს - საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება.