16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, ორი თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა და სისტემური ძალადობა - საია

საიას შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, ორი თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა და სისტემური ძალადობა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალურ ანგარიშში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ხდება აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების დაშინება, ამასთან, მათ მიმართ იყენებენ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდს.

“ანგარიში მიმოიხილავს კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე ორი თვის განმავლობაში იმ ძალადობრივ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამ სამუშაო სივრცის შევიწროვებას. როგორც მოგეხსენებათ დაახლოებით 210-მდე პირი დააკავა პოლიციამ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობისას და მათ მიმართ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება.

გრძელდება ის ზარები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან ან არარეგისტრირებული ნომრებიდან ხორციელდებოდა აქტივისტების, აქციის მონაწილეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ და ამ სატელეფონო ზარებშიც იკვეთებოდა დევნის ნიშნები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვაგრძელებთ შესაბამის უფლებადარღვევის ფაქტების იდენტიფიცირებას, მათ დოკუმენტირებას და მათზე რეაგირების მოთხოვნებს,“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

დღის ამბები