26 ივნისი 2024,   18:17
ვრცლად
აქტიური, შემეცნებითი, მხიარული და სიახლეებით დატვირთული დღეები სამხედროებთან ერთად - "ჯარის ბანაკი 2024" დაიწყო

"ჯარის ბანაკი დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის 2024" დაიწყო. აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, მხიარული, განსხვავებული და სიახლეებით დატვირთული დღეები სამხედროებთან ერთად 2300-მდე მოსწავლისთვის, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ პერიოდში, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები სამხედრო დისციპლინებს შეისწავლიან, ჩაერთვებიან საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, გაივლიან თვითგადარჩენის კურსს, ისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარებას და დაშავებულის ევაკუაციას, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში.

"ჯარის ბანაკის" ოფიციალური ღონისძიება კოჯორში მთავრობის მეთაურმა გახსნა. პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს მიმართა და განაცხადა, რომ ჯართან შეხება და სამხედრო საქმის გაცნობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, მეტად ეზიარონ იმ ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას.

ჯარის საზაფხულო ბანაკის პროექტს თავდაცვის უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. მასში აქტიურად არის ჩართული საპატრიარქო და სასულიერო პირები ღონისძიებასაც დაესწრნენ. მოსწავლეებს თავდაცვისა და განათლების მინისტრებმა მიმართეს და თქვეს, რომ პროექტის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაა.

პროექტი "ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციირებული პროექტია. გასულ წელს ის საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. გაფართოება კი დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა. თავდაცვის სამინისტრომ, წელს პროექტი გააფართოვა და კოჯრის პარალელურად, "ჯარის ბანაკები" საჩხერესა და ახალქალაქშიც მოაწყო.

დღის ამბები