28 სექტემბერი 2024,   08:47
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: წლებია, სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბადრი შონიას განცხადებით, სასამართლოს ნომერი პირველი პრობლემა დღეს, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან გამკლავებაა.

როგორც მოსამართლემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას აღნიშნა, სასამართლოს გამოწვევა, თუ მანამდე იყო საქმეთა გაზრდილი მიმართვიანობა და მოსამართლეები საქმეებს დროულად ვერ იხილავდნენ, დღეის მდგომარეობით, გამოწვევა არის ხელოვნური დისკრედიტაცია.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოებში საქმეთა დიდ ნაკადს, ბადრი შონიას განმარტებით, ესეც გამოწვევაა, რომელიც დაიძლევა.

“უკვე წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პროპაგანდა მიმდინარეობს, რამაც ჩემი აზრით, ყველაფერი მეორე პლანზე გადასწია, ის პრობლემაც, რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა, როგორც მოსამართლეთა, ასევე აპარატის ნაკლებობა და ამ დროს, მომართვიანობა არის მომატებული. როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის პირდაპირ ნარატივი, პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მართავს “კლანი“ და ამ დროს, სასამართლოში მომართვიანობა მატულობს.

ეს განაპირობებს იმას, რომ ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის და ამას კვლევებიც ადასტურებს,“ -განაცხადა ბადრი შონიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის. პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები 4 ივნისს წარუდგინა. მანამდე კი, პროცედურის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობის დადგენა იყო.

დღის ამბები