01 ივლისი 2024,   03:04
ვრცლად
ვემზადებით 100%-ით, რთული თამაში იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ - გიორგი მამარდაშვილი

ქართველი ჯვაროსნები ესპანეთთან რევანშისთვის ემზადებიან - "კლდოვანი ქვეყანა, რომელიც კარგად იკეტება და კონტრშეტევებზე გადასვლაც კარგად შეუძლია" - წერენ ესპანელები, ესპანურ მედიაში კი განგაშია.

"ისე უნდა ვითამაშოთ თითქოს ფინალია. მორჩა, იოლი შეხვედრა აღარ გვექნება. საქართველო ყველაზე მალული და საშიში მეტოქეა," - ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ქვეყანას დებიუტანტი ასე შეაშინებდა.

უკვე ყველამ იცის, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელმაც მთელ მსოფლიოში დაიპყრო მაყურებელთა გულები, სასწაულის მოხდენა შეუძლია.

კრიშტიანო რონალდუს გუნდის დამარცხების შემდეგ, "ჯვაროსნებისგან" ყველა ახალ სასწაულს ელოდება. "დაგვიმარცხებია, თუმცა ეს სულ სხვა მატჩი იქნება" - ამას თავად ესპანეთის ნაკრების წევრები აღიარებენ, რომლებიც განსაკუთრებით მამარდაშვილს, მიქაუტაძეს და კვარაცხელიას უფრთხიან.

ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელები 100%-ით ემზადებიან მატჩისთვის ესპანეთთან და ყველაფერს გააკეთებენ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად.

"განწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია ალბათ იმიტომ, რომ რთულ მეტოქეს ვეთამაშებით და კონცენტრაციაც და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს. ვემზადებით 100%-ით და რთული თამაში იქნება, რა თქმა უნდა, ვიცით. ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთი სასწაული მოვახდინოთ,“ - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.

არცერთი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია ვინ განსჯის 30 ივნისის ისტორიულ შეხვედრას - ის ვილი სანიოლის თანამემამულე, ფრანსუა ლეტექსიე იქნება. რეპუტაცია, პირველობისთვის ბრძოლა და სახლში დამარცხებული დაბრუნების შიში - ესპანეთს ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი მაშინ, როდესაც ქართველები სამშობლოში უკვე გამარჯვებულები ბრუნდებიან.

თუმცა, ამ გამარჯვებულებისგან საქართველო კიდევ ერთ გამარჯვებას და მორიგ სენსაციას ელოდება - უკვე ზეგ ქვეყანას ახალი ნერვიულობა ელოდება.

"პორტუგალიის ნაკრები არის ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის ნაკრები, წარმოუდგენლად შეიძლება ჩათვლილიყო მატჩის წინ, რომ მათი დამარცხება იყო ერთადერთი შანსი ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ალბათ ეს თავდაჯერება, მუხტი, ემოციური ფონი - თან უნდა წავიღოთ ესპანეთთან თამაშის წინ,“ - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ლუკა ლოჩოშვილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

"დავინახეთ, რომ შეგვიძლია ასეთი დონის გუნდებთანაც ვითამაშოთ და მოვიგეთ კიდევაც. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერი არ არის. ეს ჩვენ ვაჩვენეთ წინა თამაშით, უბრალოდ მთავარია, რომ ირწმუნო. რა თქმა უნდა, გავიზარდეთ, ყველასთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ყველა ფეხბურთელს უფრო მეტი თავდაჯერებულობა ექნება იმისათვის, რომ სასურველი შედეგი ვაჩვენოთ,“ - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ლუკა ლოჩოშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვალ, თბილისის დროით 15:45 საათიდან გერმანიაში პრესკონფერენციას გამართავს.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები