02 ივლისი 2024,   02:30
ვრცლად
15 წუთში გაყიდული ბილეთები - ჩარტერული რეისები თბილისიდან და ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში

"მიდის სანახავად" - ქართველი კომენტატორის ეს უკვე ჰიტად ქცეული ფრაზა კარგად დავცადეთ, ავიტაცეთ და ყველაფერს მოვარგეთ. ამ შემთხვევაშიც სანახავად მიდიან, თამაშის სანახავად, არა ეკრანზე არამედ ტრიბუნიდან. მისია ნაკრების არნახული მხარდაჭერაა - მორიგი სენსაციის მოლოდინით და კიდევ ერთი გრანდის დამარცხების იმედი.

ბოლო სასწაული პორტუგალიასთან გამარჯვება და სადებიუტო ევროპირველობაზე ჯგუფიდან გასვლა იყო. ეს მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებამ მიმდინარე ტურნირის მთავარ სენსაციად უკვე აღიარა. ეს ფაქტი, ქართველმა გულშემატკივარმა უკვე დაიჯერა და ნაკრების მხარდაჭერის დამატებით მოტივაციად ავტომატურად აქცია. აეროპორტში დღეს არაერთი ადამიანი იყო, რომელიც გერმანიიდან ერთი დღის წინ დაბრუნდა, ახლა კი ბილეთები ხელახლა შეიძინეს და უკან მიემგზავრებიან. ყველა იაზრებს რომ ეს ისტორიული მოვლენაა და თუ თანამონაწილეობის შანსი აქვთ, ხელიდან არ უნდა გაუშვან. საფეხბურთო სასწაული ქომაგებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია რომ ზოგიერთმა თარიღები სხეულზე ამოისვირინგა.

საფეხბურთო ციებ-ცხელებას თან ახლავს პირობის დადება, თუ ვინ რას გააკეთებს მოგების შემთხვევაში. ერთი ახალგაზრდა გულშემატკივარი, ახლა გერმანიაში პორტუგალიასთან მატჩის დროს გაკეთებული ჭკვიანური გათვლის წყალობით მიემგზავრება.

თბილისი-კიოლნის პირდაპირი რეისის მგზავრებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე პერსონამ მიიქცია. მათ შორის იყვნენ ლეგენდარული ვეტერანები გიორგი ქინქლაძე და ძმები არველაძეები. ასევე გიორგი მამარდაშვილის მეუღლე - მეკარის, რომელიც მოგერიებული ბურთების საუკეთესო სტატისტიკით, ქართველი ფეხბურთელების და ქომაგების სიმშვიდის მთავარი გარანტია.

სპეციალური რეისით, ქართველი გულშემატკივრების 219-კაციანმა ჯგუფმა თბილისის დღეს 12 საათზე დატოვა, გულშემატკივრებით სავსე მეორე თვითმფრინავი კი გერმანიის საჰაერო სივრცისკენ 19 საათზე გაემგზავრა. იმისთვის, რომ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება გაუადვილდეთ, საქართველოს მთავრობამ ავია ბილეთები ისევ დაასუბსიდირა. თბილისსა და კიოლნს შორის 4 პირდაპირი ფრენის შესრულება იგეგმებოდა, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო, მალევე ოთხი შვიდად იქცა. საქართველოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. 

დღის ამბები