03 ივლისი 2024,   11:07
ვრცლად
ეროვნულმა ნაკრებმა ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა - "ჯვაროსნები" ევრო 2024-ს ესპანეთთან ღირსეული თამაშის შემდეგ, მერვედფინალიდან გამოეთიშნენ

ტურნირი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. თავდაუზოგავი შრომის, მონდომების და ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დაამარცხეს პორტუგალია, გავიდნენ ჯგუფიდან და სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობას, ევროპის სამგზის და ტურნირის საუკეთესო გუნდთან ბრძოლაში გამოეთიშნენ.

მოვინდომეთ, ვიბრძოლეთ და პირველი ტაიმის ბოლოს თითოეული გულშემატკივარი კიდევ ერთ ზღაპარში იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ფავორიტმა გაიმარჯვა. ესპანეთმა პირველ ნახევარში დაფიქსირებული ფრეს შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი გოლი გაუტანა და საბოლოოდ 4:1 დაამარცხა. მათ ამ ტურნირზე გოლი პირველად, საქართველოს ნაკრებისგან გაუშვეს. იყო სადაო ეპიზოდები, პასიური თამაშგარედან გატანილი გოლი, გადამეტებული უხეშობა და სხვა...

საქართველოს ნაკრები დამარცხდა. სულ მალე სახლში დაბრუნდება, სადაც გულშემატკივრების არმია დახვდება და წარმატებული ასპარეზობის გამო მადლობას გადაუხდის. წავაგეთ, სახლში მივდივართ, მაგრამ მივდივართ თავაწეულები, ამაყები და ბედნიერები. ქართველი ფეხბურთელები და ჩატარებული მატჩი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც შეაფასა.

გასული ორი კვირა, მართლაც რომ საოცარი გამოვიდა. ჩვენმა გუნდმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლის საუკეთესო მაგალითი გვიჩვენა. ქართველი ფეხბურთელების კარგი თამაში სტატისტიკაშიც აისახა, სადაც ტურნირის ბომბარდირი 3 გოლით გიორგი მიქაუტაძეა, ყველაზე მეტი მოგერიება გიორგი მამარდაშვილს აქვს, ყველაზე მეტი მოტყუებული მეტოქე კი - ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარია. საქართველოს ნაკრებმა გოლი ოთხივე მატჩში გაიტანა და ამით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ავტოირ: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები